სამშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთი კორეა მკაცრად გააფრთხილა და განაცხადა, რომ ფხენიანის მუქარას აშშ "აქამდე გაუგონარი ცეცხლით, მძვინვარებითა და ძალით უპასუხებს."

ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმად ფხენიანმა მცირე ზომის ბირთვული ქობინი შექმნა, რომელსაც აქამდე წარმატებით გამოცდილ ბალისტიკურ რაკეტაზე განათავსებს. დაზვერვის ცნობებს ექსპერტები გამოეხმაურნენ. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას რამდენიმე წელი სჭირდება.

დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავისი განცხადებით ძალიან შორს წავიდა. "[პრეზიდენტმა] ჩვენი სანდოობა კითხვის ქვეშ დააყენა და აბსურდული წითელი ხაზი გაავლო. ჩრდილოეთი კორეა რეალური საფრთხეა, მაგრამ პრეზიდენტის დაუფიქრებელი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ ის, შესაძლოა, კიმ ჯონგ უნის უხეირო კომენტარს წამოეგოს და ბირთვული იარაღი გამოიყენოს."

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი არიზონაში, ფენიქსის საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, რომ "ლიდერი დარწმუნებული უნდა იყოს, თუ რის გაკეთებას აპირებს." პრეზიდენტი ტრამპი, კი მისი ვარაუდით, მოქმედებისთვის მზად არ არის.

ამ განცხადებების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს თავდასხმით დაემუქრა.