საქართველოში ეროვნული ლატარიის ჩატარების უფლება ფინანსთა სამინისტრომ ახალ კომპანიას 2027 წლამდე გადასცა. ინფორმაცია ჩატარებული ტენდერის შესახებ, სამინისტრომ 4 აგვისტოს გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერია (შპს ჯი ენ ელ), რომელის 75-პროცენტიანი წილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, კობა ღურწკაიას ეკუთვნის. შპს ჯი ენ ელ-ის 25 პროცენტს კი ბულგარეთში რეგისტრირებული New Games ფლობს.

კომპანიას ლატარიის ორგანიზებას და ჩატარებას უფლება 5 005 000 აშშ დოლარად გადაეცა. როგორც ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, ტენდერში სხვა კომპანია არ მონაწილეობდა. ifact-ის ინფორმაციით, მანამდე იგივე უფლება საქართველოს ლატარიის კომპანიას 913 მილიონ ლარად ჰქონდა გადაცემული.

ჯი ენ ელი საქართველოს ლატარიის კომპანიას ჩაანაცვლებს, რომელიც თითქმის 10 წლის განმავლობაში ოპერირებდა ბაზარზე. საქართველოს ლატარიის კომპანიის 70-პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო იყო, თუმცა ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ გადაწყდება, რა ბედი ელის კომპანიას.

ifact-ის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს ლატარიის კომპანიის ვალი სახელმწიფოს მიმართ 216 მილიონ ლარს აჭარბებდა.

On.ge-ს კითხვას, რამდენია დღევანდელი მდგომარეობით კომპანიის ვალი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არ პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ინფორმაცია, ვალის ოდენობის შესახებ, კონფიდენციალურია.

ღურწკაიასთან დაკავშირებული სხვა კომპანიები

კობა ღურწკაია არის შპს სი ბი ეს ჯგუფის გენერალური დირექტორი. აღნიშნული ჰოლდინგი საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა და მის საქმიანობას სხვადასხვა კომპანიის მართვა წარმოადგენს.

შპს სი ბი ეს ჯგუფის პარტნიორები არიან:

  • კავკაზუს ონლაინი
  • თბილისის მიკროავტობუსი
  • მობიტელი (ბილაინი)
  • რკინიგზის ტელეკომი
  • ინტურისტი და ა.შ.

კობა ღურწკაია არაერთი კომპანიის მეწილია. მის კომპანიებს შორისაა შპს ჯეო ტოტო, სადაც ის 80 პროცენტს ფლობს. კომპანიის დანარჩენი 20 პროცენტი გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტიო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის შვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის.

კობა ღურწკაიას ეკუთვნის წილები კომპანიებში:

  • შპს ფორტუნა-ბათუმი;
  • შპს ჯეო ტოტო;
  • შპს სფოთ ფოინთ;
  • იბერია ვაინ კომპანი.
  • იმპექს სერვისი.

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ კობა ღურწკაია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა. რეალურად, ის საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს.