4 აგვისტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კოხტა კოდუა დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, უკრაინის სასამართლომ 2017 წლის 6 აგვისტოს კოხტა კოდუას 40 დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, კოხტა კოდუას საქართველოში პატიმრობა სისხლის სამართლის ორ საქმეზე აქვს მისჯილი:

  1. 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
  2. 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კოხტა კოდუა დამნაშავეთ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის, - (2 ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის - (2 ეპიზოდი); ასევე, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის წამების, - (2 ეპიზოდი) გამო. მას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.