2017 წლის 28 და 29 ნოემბერს თბილისში გასამართი აბრეშუმის გზის ფორუმი მილიონი ლარი დაჯდება. ამ ფორუმისთვის საჭირო მომსახურების შეძენა პირდაპირი წესით, ტენდერების გარეშე იგეგმება. მომსახურების ამ წესით შესაძენად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საკითხი განხილვის პროცესშია.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნის პრესტიჟის საკითხია, ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურებების წინასწარ განსაზღვრა კი შეუძლებელია, რის გამოც, საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვის გამარტივება.

"ფორუმი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, რომ გამოჩნდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და მოხდეს უცხოური და ქართული ბიზნესების თანამშრომლობის ხელშეწყობა", - ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ვარაუდით, ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. მათივე თქმით, წინასწარი შეფასებით, ფორუმს დაესწრება ათასამდე დელეგატი.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი პირველად 2015 წელს ჩატარდა.