თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-ზე მომხდარს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ორმაგად მნიშვნელოვანია მომხდარზე სახელმწიფოს ცივილური, ადეკვატური და გააზრებული პასუხი:

"არ უნდა დავუშვათ, რომ მოვლენის შეფასება გადაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში. არ დაგვავიწყდეს, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობა სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, სადაც სადამსჯელო მიდგომები მსუყე ნიადაგს ქმნის უკონტროლო შემთხვევებისთვის და არ ტოვებს ადგილს პრევენციული, ზიანის შემცირების, საინფორმაციო, თუ უსაფრთხოების სათანადო ნორმების დასანერგად".

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავენ, რომ მოიწვიონ რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დავიწყოთ "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა: "ყოველი დაკარგული წუთი მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოვებს მსგავს ტრაგედიებთან".

მათივე განცხადებით, საჭიროა ნარკოპოლიტიკის სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმა, სადაც შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობენ ნარკოვითარებაზე მონიტორინგის მექანიზმებს და მაქსიმალურად აზღვევენ არასასურველ რისკებს.

თეთრი ხმაურის მოძრაობა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მუსიკალურ ფესტივალ ჯემ ფესტზე მომხდარი ტრაგედიის გამო: "ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. დღევანდელი მძიმე ფაქტით გამოწვეული ტკივილი საერთოა".