ამიერიდან მზეზე ნაყინის წურწურით აღარ დაიტანჯებით, რადგან იაპონიაში მიაკვლიეს მეთოდს, რომელიც ზაფხულის საუკეთესო ატრიბუტს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

მკვლევარებმა მზარეულის დახმარებით შექმნეს ნაყინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე არ დნება. ეს კი ჩვენი ცხოვრების წესს სამუდამოდ შეცვლის. წარმოიდგინეთ, სეირნობისას ნაყინს იყიდით და დადნობის შიშით მისი სასწრაფო წესით მირთმევა აღარ მოგიწევთ. აღარც იმაზე ინერვიულებთ, რომ ბავშვს ნაყინი ხელში ჩაადნება და ტანსაცმელს დაისვრის.

მათ ნაყინის ინგრედიენტებს პოლიფენოლი დაამატეს, რომელიც წყლისა და ცხიმის განცალკევებას დიდი ხნით აფერხებს, კრემს კი დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს პირვანდელ ფორმას.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებლებს, წინასწარ განზრახული არ ჰქონდათ ასეთი ნაყინის შექმნა.

ნაყინი 28°-იან სიცხეში 5 წუთის განმავლობაში გამოიტანეს. ამ დროის შემდეგ ის კვლავ გემრიელი იყო და ფორმაც არ ჰქონდა დაკარგული.

SoraNews-ის ცნობით, ამის შემდეგ, ნაყინმა მაცივრის გარეთ 3 საათი გაძლო.

უდნობი ჯოხიანი ნაყინები უკვე იყიდება და ერთი მათგანის ღირებულება 4,5 დოლარია.