რთულია წარმოიდგინო ოსკარის მფლობელი ფილმი Thelma & Louise სიუზან სარანდონისა და ჯინა დევისის გარეშე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად ისინი ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლებად სულაც არ მოიაზრებოდნენ.

ფილმის რეჟისორს, რიდლი სკოტს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანმა დატვირთული გრაფიკისა თუ სხვა პირადი მიზეზების გამო, როლზე უარი თქვეს.

წარმოგიდგენთ იმ მსახიობებს, რომლებსაც საკულტო ფილმში მთავარი როლები უნდა ეთამაშათ.

ჯოდი ფოსტერი და მიშელ ფაიფერი

ჯოდი ფოსტერმა როლზე უარი ჯონათან დემეს ფილმის, კრავთა დუმილის გამო თქვა. რთულია თქვა, რომ ფოსტერმა ტელმას როლის შესრულებაზე უარის თქმით შეცდომა დაუშვა, რადგან კლარისის როლმა მას ოსკარი მოუტანა, თან გასათვალისწინებელია, რომ მისი კონკურენტები სწორედ Thelma & Louise-ს ვარსკვლავები სიუზან სარანდონი და ჯინა დეივის იყვნენ. სამაგიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი შეცდომა დაუშვა მიშელ ფაიფერმა, როცა რიდლი სკოტის ფილმს გარი მარშალის რომანტიკული კომედია Frankie and Johnny არჩია. მართალია, ფაიფერმა ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო, მაგრამ დღეს ეს ფილმი აღარავის ახსოვს.

კიმ ბესინჯერი და მეგ რაიანი

ფაიფერისა და ფოსტერის შემდეგ, რეჟისორმა, ფილმში სათამაშოდ, კიმ ბესინჯერი და მეგ რაიანი მოიწვია. ორივე მათგანმა როლზე უარი სხვადასხვა დეტალებზე შეუთანხმებლობის გამო თქვა, მათ შორის იყო ანაზღაურებაც. როგორც პრესა წერდა, მეგ რაიანს ჰონორარი ეცოტავა, კიმ ბესინჯერს კი სცენარში ცვლილებების შეტანა სურდა.

შერი და ენდი მაკდაუელი

შერისა და ენდის შემთხვევაში არა - მსახიობებმა, არამედ რეჟისორმა თქვა უარი მათ დამტკიცებაზე.

მერილ სტრიპი და გოლდი ჰოუნი

როგორც აღმოჩნდა, ფილმის შესახებ ინფორმაციამ მერილ სტრიპამდე და გოლდი ჰოუნამდეც მიაღწია და ისინი თავად დაუკავშირდნენ ფილმის პროდიუსერებს.

"მათ აგენტებს არ დაარეკინეს, თავად დარეკეს. არავინ ელოდა, ორი მეგობარი, ბოქს-ოფისის ჩემპიონები და ოსკარის მფლობელები, რომ ამ ფილმში თამაშის სურვილს გამოთქვამდნენ, თუმცა ისინი მზად იყვნენ", - იხსენებს ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მიმი პოლკი.

სამწუხაროდ სულ სხვა აზრზე იყო რეჟისორი რიდლი სკოტი, რომელიც ამბობდა, რომ მის წარმოდგენაში ტელმა და ლუიზა სულ სხვანაირები უნდა ყოფილიყვნენ.

ამბობენ იმასაც, რომ საბოლოოდ მერილმა და გოლდიმ, რომლებსაც ძალიან უნდოდათ ერთობლივ ფილმში ეთამაშათ, არჩევანი რობერტ ზემეკისის ფილმზე, Death Becomes Her, შეაჩერეს.

ხანგრძლივი კასტინგების შემდეგ კასტინგი რამდენიმე ათეულმა მსახიობმა გაიარა, მათ შორის იყვნენ - გლენ ქლოუზი, კერი ფიშერი, ჯესიკა ლენგი, მადონა, ლაიზა მინელი, ემა ტომფსონი, დაიან კიტონი და ა.შ.

იმის გამო რომ რიდლი სკოტი, როგორც ჩანს, სულ სხვა ტიპაჟს ეძებდა, მან კასტინგზე ჯინა დევისი დაიბარა და თქვა, რომ ტელმა იპოვა. ახლა დრო იყო მისთვის პარტნიორი მოეძებნა და ვინ იქნებოდა უკეთესი კანდიდატი თუ არა სიუზან სარანდონი.

"სიუზანს აქვს დიდი ავტორიტეტი, არის მგრძნობიარე და დიდი ნიჭის პატრონი. სწორედ ის იქნება ლუიზა", - თქვა სკოტმა მას შემდეგ, რაც კასტინგზე სიუზან სარანდონი ნახა.