დონალდ ტრამპს თავისი საპრეზიდენტო კამპანიიდან საკუთარი სიმღერის მოხსნა კიდევ ერთმა ბენდმა მოსთხოვა.

CNN-ის ცნობით, ბრიტანული როკ-ბენდი ქუინი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კამპანიაში მათი ტრეკის We Are The Champions-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა.

ბენდის მთავარმა გიტარისტმა ბრაიან მეიმ ტრამპს პასუხი მისი პერსონალური ვებსაიტიდან გასცა, რომელიც მოგვიანებით ტვიტერზეც გამოაქვეყნა:

"ჩემი რეაქცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი ჩვენს მუსიკას იყენებს? ჩვენ ამისი ნებართვა მისთვის არასდროს მიგვიცია.

ამ ეტაპზე ჩვენ ვეცნობით გზებს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ მან ჩვენი მუსიკის გამოყენება აღარ განაგრძოს. იმის მიუხედავად, თუ რა შეხედულებები გვაქვს ბატონი ტრამპის მიმართ, ჩვენი ბენდის წესებს მუდამ ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკურ კამპანიებში ქუინის მუსიკის გამოყენება".

მოგვიანებით მეიმ თავისი ფანის წერილს, რომელიც ასევე მის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, უპასუხა, რომ ტრამპის კამპანიას "არამიმზიდველად" აფასებს. ტრამპის გუნდს მუსიკოსის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ცოტა ხნის წინ ტრამპს მისი მუსიკის გამოყენებისკენ თავის შეკავებისკენ მოუწოდეს როლინგ სტოუნზმა, აეროსმიტმა და ადელიმ.