რუსეთს პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები „სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის“ ტოლფასია.

მან განცხადება ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ კანონი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მოაწერა ხელი, მის სრულ უძლურებას ავლენს. ამავე დროს, კონგრესმა პრეზიდენტი „დაამცირა“.

გთავაზობთ დიმიტრი მედვედევის სრულ განცხადებას:

„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ხელმოწერა რამდენიმე შედეგს გამოიღებს. პირველ რიგში, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი დასრულდა. მეორე, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულია სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ, ყველაზე დამამცირებელი ხერხით - აღმასრულებელი ძალაუფლების კონგრესისთვის გადაცემით - სრული უძლურება გამოავლინა.

რას ნიშნავს ეს? ამერიკულმა ისტებლიშმენტმა ტრამპს აჯობა. პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა მისთვის. ახალი სანქციების თემა, პირველ რიგში, წამოიჭრა, როგორც ტრამპის "ადგილზე დაყენების" კიდევ ერთი ხერხი. წინ ახალი გადაწყვეტილებებია, რომელთა საბოლოო მიზანია მისი ძალაუფლებისგან ჩამოშორება. არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებულ უნდა იქნას. ამავე დროს, ამერიკული ბიზნესის ინტერესი სრულად იგნორირებულია. პოლიტიკა პრაგმატულ მიდგომებზე მაღლა დადგა. ანტირუსული ისტერია არამხოლოდ საგარეო (რაც არა ერთხელ იყო), არამედ შიდა პოლიტიკის მთავარი ნაწილი გახდა (ეს კი - სიახლეა).

სანქციები დაწესებულია და ათწლეულების განმავლობაში ძალაში დარჩება, სანამ რამე სასწაული არ მოხდება. ამავე დროს, ის ჯექსონ-ვენიკის კანონზე უარესია, რადგან ის ყოვლისმომცველია და ვერ გაუქმდება პრეზიდენტის სპეციალური ინსტრუქციის გარეშე თუ კონგრესმა არ დაამტკიცა. ამდენად, რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა იქნება დაძაბული, პრეზიდენტის პიროვნულობისა და იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება კონგრესის შემადგენლობაში. გველოდება სასამართლოებსა და საერთაშორისო ორგანოებში ურთიერთობების ხანგრძლივი გარკვევა, საერთაშორისო დაძაბულობის გაღრმავება, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაზე უარის თქმა.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ სტაბილურად გავაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკისა და სოციალური სექტორის განვითარებაზე, ვიზრუნებთ იმპორტის ჩანაცვლებასა და მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტაზე, პირველ რიგში, საკუთარ თავზე დაყრდნობით. ჩვენ ამის გაკეთება ბოლო წლებში ვისწავლეთ. თითქმის დახურული ფინანსური ბაზრების პირობებში, უცხოელი კრედიტორებისა და ინვესტორების რუსეთში დაბანდების შიშით. ეს ჩვენ კარგადაც წაგვადგა, მაგრამ საბოლოოდ, სანქციები აზრსმოკლებულია. ჩვენ გავუმკლავდებით".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აგვისტოს ხელი მოაწერა ახალ კანონს, რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. რუსეთის გარდა, სანქციები დაუწესდა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. აღნიშნულ კანონში მნიშვნელოვანია ის, რომ სანქციების გაუქმება პრეზიდენტს ერთპიროვნულად ეზღუდება და მას ამისთვის კონგრესის თანხმობა დასჭირდება.