აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 2 აგვისტოს ხელი მოაწერა ახალ კანონს, რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

როგორც BBC წერს, მანამდე, თეთრი სახლი მიანიშნებდა რომ პრეზიდნეტი ხელს მოაწერდა ამ კანონს, მას შემდეგ, რაც კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა მას.

აშშ-ის სენატმა 98 ხმით 2-ის წინააღმდეგ, ივლისის ბოლოს დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთთან ერთად ჩრდილოეთ კორეისა და ირანისა მიმართ სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. მის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა იყო საჭირო.

სანქციების დაწესების გარდა, დოკუმენტი ამერიკის პრეზიდენტს უკრძალავს, ერთპიროვნულად გააუქმოს ეკონომიკური ან პოლიტიკური სანქციები რომელიმე ქვეყნის, კომპანიის, ან ფიზიკური პირის მიმართ. ახალი კანონპროექტით, სანქციების მოსახსნელად პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება.

სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი მოხდება დასაბუთება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა შეესაბამება აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს.

ასევე, თუ კი დასაბუთებული იქნა, რომ რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს სანქცია, აღარ მონაწილეობს იმ საქმეში, რის გამოც იქნა შემოღებული აკრძალვა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნეს გაუქმებული, თუ რუსეთის ფედერაცია ბოლომდე შეასრულებს "მინსკის ხელშეკრულებას". ახალი კანონი პრეზიდენტს ართმევს შესაძლებლობას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ადგილი დაეთმო საქართველოსაც. ამ კანონპროექტის მიხედვით, აშშ-მ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა და მუშაობა, რათა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის გავლენის სფეროდან საქართველოს განთავისუფლება შესაძლებელი გახდეს.

აშშ-ის სენატისა და კონგრესის მიერ შემუშავებულ და მხარდაჭერილ კანონპროექტზე, რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების პირველი საპასუხო ნაბიჯი იყო ის, რომ ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის 455-მდე შემცირება და ამერიკაში მომუშავე რუსი დიპლომატიური წარმომადგენლების რაოდენობასთან გათანაბრება მოითხოვა. საუბარია 755 დიპლომატზე. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის საელჩოს მათ განკარგულებაში არსებული აგარაკით და განთავსებული საწყობებით სარგებლობა აუკრძალა.