მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ე.წ. ხრუშოვკები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ბინებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო-მიმართავს ავრცელებს.

მერობის კანდიდატი განმარტავს, რომ პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის ბინებში ცხოვრობენ, ჩანაცვლების პროცესში, სხვა საცხოვრებლით ან კომპენსაციით უზრუნველყოფენ:

"თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა. არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომელსაც კარგა ხანია გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა - არის ამორტიზირებული და შენობა დაშენებებით კიდევ უფრო უსახოა. ამ საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება, თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება".

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება. ქართული ოცნების კანდიდატ კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერობისთვის ასევე იბრძოლებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი.