"ამ[ღირსეული პარტნიორის] წვრთნებზე ამერიკის შეერთებული შტატები აჩვენებს, რომ საქართველოს გვერდით დგას",- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ დღეს, 30 ივლისს, მრავალეროვნული სამხედრო წვრთნის, ღირსეული პარტნიორი 2017-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, წელს აღნიშნული სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მრავალეროვნული გახდა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, და რომ ის ეხმარება საქართველოს მისი უნარიანობის გაზრდაში, განსაკუთრებით საერთაშორისო ოპერაციების დროს:

"მისი [წვრთნების] მიზანია, დაეხმაროს საქართველოს სხვა ერებთან ინტეგრაციისას. ეს არ არის გამიზნული, როგორც აგრესიის რამენაირი სიგნალი. მეორე მხრივ, ეს წვრთნა ეხმარება ქვეყანას საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მშენებლობაში".

ღირსეული პარტნიორი 2017 ოფიციალურად დღეს, 30 ივლისს, ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნა. წელს, მისი მასშტაბები გაიზარდა და მასში ნატოს ხუთი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. ღირსეული პარტნიორი საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება.