დედამიწაზე ცხრა ათასამდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომლებიც ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებულნი და თითქმის ყველანაირ გარემოში ცხოვრობენ.

ფრინველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბუნებრივი ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებაში. ფრინველთა კვლევის შედეგები ფართოდ გამოიყენება ბუნების დაცვის, ბუნებრივი რესურსების მოხმარებისა და გარემოს მონიტორინგის სფეროში.

საქართველოს ბუნება მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟებით, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქვეყანაში მობინადრე ცხოველებს. უნდა ვიცოდეთ, მათი დამახასიათებელი ნიშნები, ქცევის თავისებურება, საბინადრო ადგილები და გავრცელება, მათ წინაშე არსებული საფრთხეები და პრობლემები. უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ისინი.

თუ ცხოველებსა და ფრინველებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმები გიყვართ, გეცოდინებათ, როგორი საინტერესო და დრამატული ცხოვრება აქვთ ამ არსებებს. საქართველოში მობინადრე ცხოველები და ფრინველები ასეთი ტიპის დოკუმენტურ ფილმებში იშვიათად ხვდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად საინტერესოები არიან.

წარმოგიდგენთ 5 უნიკალურ ფრინველს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

1. კავკასიური შურთხი

ფოტო: დაჩი შოშიტაშვილი

გაზაფხულზე, მთის ძირებში სეირნობისას აუცილებლად გაიგონებთ საოცარ, სტვენისმაგვარ ხმას, რომელსაც შურთხები გამოსცემენ. ისინი ამას მდედრის მოსაზიდად და საკუთარი ტერიტორიების გასამყარებლად აკეთებენ.

მთის ხალხი ამ ფრინველს მთის ინდაურს ეძახის, სვანები კი ჯვანკვიათი მოიხსენიებენ. შურთხები, როგორ წესი, მაღლა, მთის კლდეებში ბინადრობენ. მას ჯიხვის თანამგზავრ ფრინველსაც უწოდებენ, რადგან ხშრად ერთი და იგივე საცხოვრებელ გარემოში ვხვდებით და როგორც მთის ხალხი ამბობს, ეს ორი სახეობა ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებს, რადგან შურთხი თავისებური შეძახილით ჯიხვს საფრთხის მოახლოებას ამცნობს, ხოლო ზამთარში, როცა მთის მკაცრ პირობებში შურთხს საკვების მოპოვება უჭირს, ჯიხვის ფლოქვებით გადაყრილ თოვლში ეძებს საკვებს.

2. წითელმუცელა ბოლოცეცხლა

ფოტო: დაჩი შოშიტაშვილი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ეს პატარა ფრინველი, ფაქტობრივად, უჩინარდება და მისი ზომის მიუხედავად, გასამრავლებლად მყინვარზე ადის.

3. დიდი კოჭობა

ფოტო: დაჩი შოშიტაშვილი

თბილი სეზონის განმავლობაში დიდი კოჭობას ნახვა შეუძლებელია. ბოლოცეცხლას მსგავსად, ამ ფრინველისთვის გასამრავლებლად თოვლიანი და ყინულიანი მთებია იდეალური.

4. კავკასიური როჭო

ფოტო: დაჩი შოშიტაშვილი

გამრავლების პერიოდში, ანუ გაზაფხულზე, მთის დეკიან ფერდობებს თუ კარგად დააკვირდებით შავი ფერის მოხტუნავე ფრინველებს დაინახავთ. ეს მამრი კავკასიური როჭოა, რომელიც ამ ხტუნაობით მდედრისთვის თავის მოწონებას ცდილობს. ამ პროცესს ტიხტიხი ეწოდება. მათი ბუდე ხშირად გაუვალ დეკის ბუჩქნარებშია, დეკა მკაცრი ზამთრის პირობებში თბილ და შედარებით უსაფრთხო ბინას წარმოდგენს.

5. მთის ყარანა

ფოტო: დაჩი შოშიტაშვილი

თუ გსმენიათ გამოთქმა "მთის ჭივჭავი", ეს სწორედ ამ ფრინველს უკავშირდება, რადგანაც კავკასიის მთებში მობინადრე მთის ყარანა, თავისებური გალობით ტერიტორიის დაცვას და მდედრის მოზიდვას ცდილობს.