დონალდ ტრამპის ინიცირებული კანონპროექტი ბარაკ ობამას მიერ დამტკიცებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების შესახებ, აშშ-ს სენატში კიდევ ერთხელ ჩავარდა. 51 ხმა 49-ის წინააღმდეგ - ასე გადანაწილდა ხმები უმნიშვნელოვანესი კენჭისყრის შემდეგ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 27 ივლისის საღამოს გაიმართა. კანონპროექტს, რომელიც ე.წ. ობამაქეარის გაუქმებას ითვალისწინებდა, დემოკრატების გარდა, მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა, სუზან კოლინსმა და ლიზა მუროვსკიმ.

ობამაქეარის გაუქმება ტრამპის საარჩევნი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო თუმცა, ტრამპის რეფორმა უკვე მეორედ ჩავარდა. აღნიშნული რეფორმა ითვალისწინებს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის ჩანაცვლებას.

როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტისთვის მხარდაჭერის მოპოვებას, ტრამპის ადმინისტრაცია ყველა შესაძლო გზით ცდილობდა. ჟურნალისტებმა კენჭისყრამდე შენიშნეს, როგორ ესაუბრებოდა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჯონ მაკკეინს თუმცა, როგორც ჩანს, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - მან მაკკეინის გადარწმუნება ვერ მოახერხა. პარტიული კონიუნქტურის წინააღმდეგ ასეთივე შეუვალები აღმოჩნდნენ სენატორები კოლინსი და მუროვსკი.

არამარტო ამერიკელებისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი, 25 ივლისს, სენატში, 80 წლის არიზონელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გამოჩენა საჯაროდ. მას სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დაუსვეს ტვინის კიბოს უმძიმესი ფორმის დიაგნოზი და სასწრაფო ოპერაციაც მალევე გაუკეთეს. ჯონ მაკკეინს ექიმებმა ამოაჭრეს თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები. სენატში სიტყვით გამოსვლისას მაკკეინს ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაოპერაციევი და შეშუპება ჭრილობის გარშემო.