"პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი", - ეს სიტყვები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს ეკუთვნის. დოლიძემ ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებაზე კომენტარი 26 ივლისს, ტელეკომპანია იბერიის ეთერში გააკეთა:

"ის არის ქართული პოლიტიკის შარიკოვი, თუმცა კიდევ უფრო უარესია, რომ ის შეურაცხყოფას აყენებს 10 ათასობით საჯარო მოსამსახურეს, რომელიც მუშაობს სახელმწიფო სამსახურში იმის წარმოდგენით, რომ მათ უდიერად ეპყორაბა და მოიხსენიებს და ფიქრობს, რომ ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზები, რომლებსაც აზრის გამოხატვის უფლება არ აქვთ."

ანა დოლიძის აზრით, ქართულ საზოგადოებას უკვე დაფიქსირებული აქვს ნულოვანი ტოლერანტობა პოლიტიკურ სივრცეში "მსგავსი უზრდელური დამოკიდებულების" მიმართ და შესაბამის ნიშანს დაუწერს ასეთ ქცევას.

26 ივლისს, პარლამენტში შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე პრეზიდენტის შენიშვნების განხილვის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. კობახიძის მტკიცებით, დოლიძე საჯარო მოსამსახურეა და ეთიკური სტანდარტის თანახმად, მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეუძლია.