საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილ ლადო ჭანტურიას ქვეყნის ბედ-იღბლის გამამრუდებლად მიიჩნევს. ნათელაშვილს მიაჩნია, რომ ის გერმანიაში ელჩობის ნაცვლად საქართველოში ციხეში უნდა იჯდეს.

"ამ ბატონმა 1999 წელს დააკანონა მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგები, რის შემდეგაც პარლამენტი დააკომპლექტა შევარდნაძე-აბაშიძე-თოფაძის დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ხოლო გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია გამოგდებული იქნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოდან", - ამბობს ნათელაშვილი.

მისივე თქმით, ჭანტურიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის დროს ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით ხუთი პარტიისგან შექმნილი პარლამენტი დაითხოვა, რომელთა შორისაც ლეიბორისტული პარტიაც იყო.

"ყველაფერი ეს ნიურნბერგის ტრიბუნალს ეყოფოდა საქმის განხილვაში მისაღებად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ პიროვნებამ არ მიიღოს პოსტი, რომელიც იქნება ევროპის სირცხვილი", - ამბობს ნათელაშვილი.

25 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ორი დაიწუნა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მხოლოდ ლადო ჭანტურია გააგრძელებს მოსამართლეობისთვის ბრძოლას და შესარჩევი კონკურსის შემდეგი ეტაპები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

2016 წლის სექტემბერში ევროსასამართლოს მოსამართლეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის 3 კანდიდატიდან არცერთი დაამტკიცეს. ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი იყვნენ. ამის გამო, საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსის ჩატარება ახლიდან დასჭირდა.