NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას უარყოფითი გავლენა ექნება, მეოთხედმა კი არ იცის რეფორმას რა შედეგი ექნება. ცვლილებას დადებითად მხოლოდ 11 პროცენტი აფასებს, 18 პროცენტი კი ფიქრობს, რომ გავლენის მომტანი არ იქნება.

გამოკითხული მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი წილი (60%) მიუღებლად მიიჩნევს თემისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანებას და ერთი ხელმძღვანელის არსებობას. იგივე ცვლილებებს დადებითად აფასებს მოსახლეობის 16 პროცენტი, თითქმის მეოთხედი (24%) ამბობს, რომ "არ იცის".

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტია (52%) მხოლოდ ინფორმირებული თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე, 44 პროცენტმა კი - არა.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, გამოკითხვას კი CRRC-საქართველო ატარებდა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) შესრულდა. 2 261 პირი, პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევით გამოიკითხა.