დახლართული ყურსასმენები და სადენები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როდესაც ქუჩაში მიდიხარ და დახლართული ყურსასმენების გახსნაში ძალიან დიდ დროს ხარჯავ, ყველაზე წყნარი ადამიანიც რომ იყო, მაინც გამოხვალ მწყობრიდან. ალბათ, ხშირად დაგიდიათ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყურსასმენები, მაგრამ, წასვლისას მაინც დახლართული დაგხვედრიათ. რატომ? მოდი, გავიგოთ, რა იწვევს სადენების გადახლართვას? რა პასუხი აქვს მეცნიერებას? ან მათემატიკას?

ორმა ფიზიკოსმა, სიმების სიმაღლიდან დაგდების ექსპერიმენტითა და მათემატიკური მოდელების გამოყენებით, ახსნეს თუ როგორ იქმნება კვანძები და რა ფაქტორები იწვევს ყველაზე ჩახლართული კვანძის წარმოქმნას. კვლევა, რომელიც ნათელს ჰფენს ამ ყოველდღიურ ტანჯვა-წამებას, ჯერ კიდევ 2007 წელს, Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

„ძალიან მცირე ექსპერიმენტული სამუშაო იყო ჩასატარებელი, რომ კვანძთა თეორია რეალურ, ფიზიკურ კვანძთა კლასიფიკაციასა და ანალიზისთვის მოგვერგო“. ამბობს კვლევის მთავარი ავტორი დუგლას სმიტი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

ყველაფერი გაკვანძული

სმიტმა და მისმა კოლეგა დორიან რეიმერმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, სადაც მათ სიმი ყუთში ჩააგდეს და 10 წამის განმავლობაში ატრიალებდნენ (ერთი ბრუნი ერთ წამში). სიმის ჩაგდების ექსპერიმენტი 3 ათასჯერ გაიმეორეს, თან სიმის სიგრძესა და სიმყარეს ცვლიდნენ, ასევე ყუთის ზომასა და ტრიალის სისწრაფეს.

ფოტოებითა და ვიდეოებით დადგინდა, რომ: 0,46 მეტრზე მოკლე სიმები არ წარმოქმნიან კვანძს; კვანძის წარმოქმნის ალბათობა საკმაოდ გაიზარდა 0,46-დან 1,5 მეტრამდე. ამ სიგრძის შემდეგ კი, ალბათობა არ გაზრდილა.

დაკვირვებები მხოლოდ აქამდე მივიდა. „შეუძლებელია, განასხვაო კვანძები ერთმანეთისგან მხოლოდ შეხედვით“. - ამბობს რეიმერი.

რეიმერმა კომპიუტერული პროგრამა შექმნა, რათა თავისი დაკვირვებების სიმულაციები შეექმნა. მოდელიდან მათ შექმნეს კვანძის გამარტივებული „სიცოცხლის ციკლი“ ოდნავ გაკვანძულიდან საშინლად დახლართულამდე. როგორც კი დავარდება სიმი, ის საერთო ცენტრის მქონე კოჭებს წარმოქმნის. შემდეგ, სიმი თავისუფალია და კოჭებში გადაიხლართება. ალბათობა იმისა, რომ ის გადაკვეთს კოჭას ქვემოდან ან ზემოდან და მარჯვნივ ან მარცხნივ გაჰყვება გზას, 50%-ია.

საუკეთესო კვანძი ძალიან დრეკადმა, გრძელმა სიმმა წარმოქმნა. „ძალიან დიდ კონტეინერში მოთავსებული დრეკადის სიმის გაკვანძვის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე მყარისა, რომელიც პატარა კონტეინერში დევს“, განუცხადა სმიტმა LiveScience-ს.

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ადამიანთა უმეტესობა სადენებს ყოველდღიურ რეჟიმში არ აბრუნებს და ატრიალებს. სმიტმა განცხადებით, კვანძების წარმოსაქმნელად მხოლოდ ბრუნვა და სიმაღლიდან ვარდნა არ არის საჭირო, ნებისმიერი სახის მოძრაობა საკმარისია.

ყურსასმენებს რომ იხსნით და ჯიბეში იდებთ, ამ დროს პატარა სადენები ოდნავ მაინც ირხევიან ან მოძრაობენ. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ თუ საშინლად გადახლართულ ყურსასმენებს ამოიღებთ. ასეთია ბუნების კანონი.

კვლევის ავტორები კი გვირჩევენ, რომ თუ არ გვინდა, გადაგვეხლართოს ყურსასმენები, სადენები ან სიმები, ისინი უნდა დავახვიოთ კოჭაზე, რათა მოძრაობის საშუალება არ მივცეთ.

მადლობა მათ, თუმცა ეს მათ გარეშეც ვიცოდით.