რამდენიმე თვის წინ Facebook-მა თავისი ახალი ინოვაცია, ჯარვისი წარადგინა. ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი სახლის ტექნიკა ისე, როგორც მოგესურვებათ. შეგიძლიათ გამორთოთ შუქი, ჩართოთ ჩაიდანი, მართოთ კონდიციონერი, აკონტროლოთ ტელევიზორი, ავტო ფარეხი და სხვ. ჯარვისის გამოჩენას უდიდესი გამოხმაურება მოყვა მთელ მსოფლიოში. ინოვაციური სერვისის ზუსტი ფასი უცნობია, რადგან ის ბაზარზე ჯერაც არ გამოსულა.

როგორც ჩანს, Facebook-ს არც ქართველი ინოვატორები ჩამოუვარდებიან. კომფორტული სახლი, როგორც მას შემქმნელები უწოდებენ, ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი სერვისია, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს. კომფორტული სახლი, ჯარვისის მსგავსად, საშუალებას გაძლევთ თქვენ სახლში არსებული ტექნიკა ერთი აპლიკაციის დახმარებით მართოთ.

შეეცადეთ გაიხსენოთ, რამდენჯერ დაგრჩენიათ სახლიდან გასულს უთო და რამდენჯერ მიბრუნებულხართ უკან მის გამოსართავად? შესაძლოა, ხშირად, რომელიმე ოთახში შუქის გამორთვაც დაგვიწყებიათ. ანდაც, წარმოიდგინეთ ზამთრის სუსხიანი და ცივი ღამე, როდესაც ლოგინში თბილად შეფუთნულს, გაგხსენებიათ, რომ სამზარეულოში შუქი დაგრჩათ. კიდევ სხვა მრავალი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როცა ყურადღების ოდნავ მოდუნებას დისკომფორტი, სამსახურში დაგვიანება და სხვა უარყოფითი განცდები მოყვება ხოლმე.

ახლა შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - უყურადღებობისა თუ სიჩქარისგან გამოწვეული დისკომფორტის მარტივად დაძლევაში ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი სერვისი დაგეხმარებათ.

როგორ იქმნებოდა პროექტი?

პროექტზე მუშაობა ორმა ქართველმა მეგობარმა დაიწყო, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ საკუთარ სახლში არსებული ტექნიკა დაემორჩილებინათ და შეექმნათ პროგრამა, რომელიც მათ მართვაში დაეხმარებოდათ. თავდაპირველად, მეგობრებმა მსგავსი პროექტების მოძიება დაიწყეს, თუმცა აღმოაჩინეს, რომ თითოეული მათგანი ძალიან ძვირი ჯდებოდა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მოტივაცია, თავად შეექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც საკუთარი სახლების დაუბრკოლებლად მართვაში დაეხმარებოდათ და თან, იაფი დაუჯდებოდათ.

ნიკა იჩკიტიძე პროგრამისტია, ხოლო მისი მეგობარი, დათო ფიფია - მიკროელექტრონიკის სპეციალისტი. მათი ცოდნისა და გამოცდილების კოლაბორაცია გამომგონებლებს მნიშვნელოვნად დაეხმარა. პროექტის პირველ ეტაპზე, სამუშაოების დიდი ნაწილი, ძირითადად, კომპიუტერსა და ნახაზებზე მიმდინარეობდა. ნიკა და დათო რვა თვის განმავლობაში ქმნიდნენ სისტემას, რომლის მიხედვითაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო.

საბოლოოდ, გამომგონებლებმა შექმნეს პროტოტიპი, რომლის ნახაზიც ჩინეთში გააგზავნეს. ჩინეთიდან სპეციალურად მათთვის დამზადებული პლატა ჩამოვიდა, რომელზეც შესაბამისი კომპონენტები საქართველოში დალაგდა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა Fab Lab-მა, სადაც პროექტისთვის პირველი პლატა აეწყო. Fab Lab-ში არსებულმა ტექნოლოგიამ ჩანაფიქრი რეალობად აქცია.

პლატა, რომელიც ყენდება სახლის სხვადასხვა წერტილში

პლატა, რომელიც ყენდება სახლის სხვადასხვა წერტილში

ფოტო: ნიკა იჩქიტიძე

შედეგად, ქართველმა გამომგონებლებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ადამიანებს ეხმარებათ სახლში არსებული ტექნიკა და ელექტრობა მართონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

პროექტმა ყველა ტესტირება წარმატებით გაიარა და აღნიშნული სისტემა ორ წერტილზე უკვე წარმატებით მუშაობს.

მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, გამომგონებლებს ჯერჯერობით კომპანია არ დაუარსებიათ. ისინი სტრატეგიის შემუშავების ეტაპზე არიან და თავიანთ პროდუქტზე ბაზრის რეაქციას ელიან, რათა საქმიანობა განაგრძონ.

როგორია კომფორტული სახლი?

გამომგონებლები პროდუქტის საბოლოო სახელზე ჯერაც არ შეჯერებულან, თუმცა უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ რა დაარქვან საკუთარ გამოგონებას. ინოვაციას თავის წარმატებაში სულაც არ უშლის ხელს მისი უსახელობა. ამ ეტაპზე, კომფორტული სახლის პირველადი სახეა შემუშავებული, რომლის მეშვეობითაც თქვენს სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკისა თუ ელექტრობის მართვა შეგიძლიათ.

ნიკა იჩკიტიძე ამბობს, რომ სასურველია ინოვაციური სისტემის დაყენება სახლისა თუ ბინის რემონტის პერიოდში მოხდეს, რათა სტაბილური და სრულყოფილი იყოს. სისტემა სახლის 32 წერტილზე ყენდება, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი სახლის ყველა მნიშვნელოვანი წერტილი აკონტროლოთ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ოთახში აანთოთ შუქი, ჩართოთ ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი თუ სხვ.

ფოტო: ნიკა იჩქიტიძე

გაცილებით რთულია უკვე გარემონტებულ ბინაში სისტემის ინტეგრირება. საქმე ისაა, რომ სპეციალური გაყვანილობებისა და მოწყობილობების დამონტაჟება, ძირითადად, კედელს მიღმა ხდება. ამასთან, რემონტის პერიოდში შესაძლებელია ნებისმიერი ჩამრთველის დაყენება, გარემონტებულ ბინაში კი სპეციალური, WiFi-ით აღჭურვილი შტეფსელის ყიდვაა აუცილებელი, რაც პროდუქტს მნიშვნელოვნად ამცირებს.

სისტემის მართვა უმარტივესად - სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ხდება, რომელზეც წვდომა პროდუქტის დაყენების შემდეგ გექნებათ. ასევე, სისტემასთან წვდომა შესაძლებელია ვებითაც - აპლიკაციის გარდა, თქვენი სახლის მართვას კომპიუტერიდანაც შეძლებთ.

რა იქნება მომავალში?

გამომგონებლებს მომავალში დიდი გეგმები აქვთ. მათ უკვე შემუშავებული აქვთ პროექტის უფრო ამბიციური გეგმა, რომელიც სისტემის გაუმჯობესებასა და თვისებების განვითარებას გულისხმობს. თუ ახლა მხოლოდ 32 წერტილზე შეიძლება მისი დაყენება, მომავალში 64 და მეტ წერტილზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, სისტემას შეიძლება დაემატოს Face Recognition ფუნქცია, ანუ სახეების ამოცნობის შესაძლებლობა.

ამისათვის, საჭიროა, რომ გამომგონებლებმა ბაზარზე მოთხოვნა იგრძნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარება შეუძლებელია. ამ ეტაპზე, გამომგონებლები რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და საბოლოო პასუხის ლოდინის რეჟიმში არიან. იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერებთან მოლაპარაკებები შედგება, შესაძლოა სულ მალე ქართული ჯარვისიც ვიხილოთ.

ფოტო: თიბისი

გამომგონებლებისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული სტარტაპების შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობს.