"ღმერთმა ორივეს შეგვინდოს ჩვენი დანაშაული", - ასე მოუხადა ბოდიში ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს ტელეკომპანია იბერიის ეთერში.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველას თავისი წილი დანაშაული მიუძღვის:

"თათია თუ ვერ გრძნობს თავს დამნაშავედ რაღაცაში, ეს მან უნდა დააფიქსიროს და აქედან გამომდინარე იქნება ჩვენი ურთიერთობა მომავალში. მე რაინდულად დავრეკე და როგორც წესი იყო ისე დავაფიქსირე. აწი თათიაზე არის როგორც თვითონ უნდა."

აქამდე, ცნობილი იყო, რომ გია კორკოტაშვილი არ ფიქრობდა, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების ღია მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტო საქმეს 151-ე, მუქარის მუხლით იძიებს.

თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს, ფეისბუკზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა.

აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება. მისი წაშლის შემდეგ, კომენტარების ავტორთა ნაწილი ამბობდა, რომ მათ ეს არ დაუწერიათ. თუმცა მას შემდეგ, გია კორკოტაშვილმა აღიარა, რომ აღნიშნული კომენტარები ნამდვილად მას ეკუთვნოდა.

"ქართველთა მარშის" მონაწილეები გამოირჩევიან ქსენოფობიური, რასისტული, თუ ჰომოფობიური განწყობებით, მათ მიერ 14 ივლისს გამართული აქცია სწორედ ამგვარი განწყობების დემონსტრირება იყო.

განახლება: გია კორკოტაშვილი ეთერში კიდევ ერთხელ ჩაერთო და "რაინდული ბოდიში" უკან წაიღო. "აწი მაგან დაიჭიროს დიდი ჩიტი", - განაცხადა კორკოტაშვილმა და თათია დოლიძეს გარკვეული საბუთების გამოქვეყნებას დაჰპირდა.