ახალი, ქართული ენერგეტიკული სასმელი ბუღა საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან გაიყიდება. ენერგეტიკულ სასმელს სს წყალი მარგებელია აწარმოებს, რომელიც ბაზარზე ასევე უშვებს მინერალურ წყალს ნაბეღლავი.

ფეისბუკზე ენერგეტიკული სასმელის გვერდზე ვკითხულობთ, რომ "ენერგეტიკული სასმელი ბუღა - ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცებისათვისა". კომპანიის PR სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორია ჟიჟკო ამბობს, რომ სლოგანი, რომელიც სექსისტური შინაარსისაა, ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არაა. ის ამბობს, რომ "ნამდვილ მამაკაცებში" იგულისხმებიან ისინი, ვინც თავს ნამდვილ მამაკაცად მიიჩნევს.

"[ბუღა] იმიტომ, რომ ქართული სიტყვაა. კონცეფცია ბრენდის არის, რომ არის ქართული, საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი... [სლოგანი] ჩვენ არ გვეჩვენება სექსისტურად", - ამბობს PR სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც აღნიშნავს, რომ ბრენდის შესახებ გარკვეული ნიუანსები სასმელის გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.