აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უწყებამ შსს-დან გამოითხოვა და მათ დღეს, 20 ივლისს გადმოეცა.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

შს მინისტრმა გიორგი მრებრიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებამდე, სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის უფროსებმა თანამდებობა დატოვეს.

შინაგან საქმეთა მინსიტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო, მიიღეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არ გაჩნდეს.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.