საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, Check in Georgia-ს ფარგლებში 2016 წელს უცხოელი ტურისტების რაოდენობა არ გაზრდილა. ეს დასკვნა საიამ ეროს რამაზოტის, რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტების ბილეთების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოიტანა.

საიას მონაცემებით, ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის 56 596 ბილეთი გაიყიდა, ინტერნეტის საშუალებით, აქედან, 2 958 ბილეთი საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნაში. საზღვარგარეთ გაყიდული ბილეთების წილი 5,23 პროცენტია.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ღონისძიებებისთვის უცხოელი ტურისტების წილი კიდევ უფრო ნაკლებია ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობასთან. მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2016 წელს, საქართველოს სულ 6 360 503 ვიზიტორი ეწვია, საიდანაც Check in Georgia-ს ფარგლებში 0,05 პროცენტი მოდის.

"ქვეყნის საზღვრების გარეთ გაყიდული ბილეთების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებზე მოდის საიდანაც ისედაც მაღალი იყო ტურისტების ნაკადი და პროექტს პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვაზე", - აღნიშნავენ საიაში და დასძენენ, რომ 2016 წელს ამ ღონისძიებებისთვის 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საიას მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია გაუგებარია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ უცხოელ მოქალაქეებს კონცერტზე დასწრება საქართველოში შეძენილი ბილეთებითაც შეეძლოთ.