თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა სამი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 1 343 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით - 143 950 ლარი.

უწყების ცნობით, 1 343 სამართალდამრღვევი პირიდან 616 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ პერიოდის მანძილზე, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 1 294 ფიზიკური და 49 იურიდიული პირი.

თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.

ჯარიმები, რომელიც გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის კოდექსით:

  • ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარი;
  • ორ კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი;
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას);
  • ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი;
  • ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:

  • ფიზიკური პირი - 400 ლარი;
  • იურიდიული პირი -1000 ლარი.