ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი, ო ჯეი სიმფსონი, რომელიც მსოფლიომ მისი ცოლისა და ცოლის პარტნიორის მკვლელობის საქმის შემდეგ გაიცნო, შესაძლოა, 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდეს.

სიმფსონი სასჯელს 2007 წელს, ლას ვეგასში ჩადენილი დანაშაულის გამო იხდიდა.

2007 წლის სექტემბერში, ო ჯეი სიმფსონი, თანმხლებ პირებთან ერთად, კაზინო Palace Hotel-ის ერთ-ერთ ნომერში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სპორტული მემორაბილია წამოიღო.

სიმფსონი იმავე დღეს დაკითხეს, რა დროსაც მან აღიარა, რომ მემორაბილია მართლაც წამოიღო, ოღონდ ნომერში არ შესულა. ორი დღის შემდეგ, ის ლას ვეგასის პოლიციამ სამ თანმხლებთან ერთად დააკავა და მას ბრალად რამდენიმე მუხლი წაუყენეს - ჯგუფურად შეჭრა, ყაჩაღობა, გატაცება და სხვ. სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ო ჯეის 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სიმფსონი რამდენიმე დღეში ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის წინაშე წარდგება და მისი ასაკისა და სუფთა კრიმინალური წარსულის გათვალისწინებით, შესაძლოა, ვადაზე ადრე, პირობით, გაათავისუფლონ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სიმფსონს ყოფილი ცოლისა და მისი პარტნიორის მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნევს, ამ საქმეში სასამართლომ ის გაამართლა და შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს.

ო ჯეის პირველ კრიმინალურ სკანდალში 1994 წელს გაეხვა, როდესაც სიმფსონის ყოფილი ცოლი ნიკოლ ბრაუნი და მისი პარტნიორი რონალდ გოლდმანი მოკლულები იპოვეს. საქმეზე ო ჯეი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ამის შემდეგ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ყველასგან მოულოდნელად ბრალდებულის გამართლებით დასრულდა.

აღნიშნულ საქმეზე, რაიან მერფიმ შესანიშნავი სერიალი, American Crime Story, გადაიღო, რომლიც ზედმიწევნით დეტალურად გაგაცნობთ ამ გახმაურებულ საქმეს.