საზოგადოებრივ მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გაუქმდა, 17 ივლისიდან არხის საინფორმაციო პროგრამებს "სუპერ დესკი" მართავს. ამის შესახებ On.ge-ს მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა და "სუპერ დესკის" ერთ-ერთმა წევრმა, ია ანთაძემ განუცხადა.

"სუპერ დესკი გულისხმობს, რომ ახალ ამბებს, მათ შორის მოამბეს, თუ ნიუსრუმს, არ ეყოლება ერთი ხელმძღვანელი, ანუ გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად," - ამბობს ანთაძე.

საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ფუტკარაძემ არხი 18 ივლისს დატოვა. ყოფილ სამსახურზე მას საუბარი არ სურს.

ია ანთაძე ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება არხზე მენეჯმენტის ცვლილებამდე იყო გათვალისწინებული და კონცეფცია გიორგი ფუტკარაძემ და არხის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ "დაახვედრეს". იმ შემთხვევაში კი, თუ ფუტკარაძე მაუწყებელში მუშაობას გააგრძელებდა მას მულტიმედია დირექტორის თანამდებობა უნდა შეეთავსებინა. ანთაძის განმარტებით, ამ თანამდებობაზე კონკურსი სწორედ ამ მიზეზით არ იყო გამოცხადებული.