თუ თვითმფრინავით გიმგზავრიათ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ გაფრენამდე ერთ-ერთი მთავარი, რასაც სტიუარდები და სტიუარდესები აკეთებენ, ჩვენთვის უსაფრთხოების წესების გაცნობაა.

გვიხსნიან სად არის ავარიული გასასვლელები, როგორ უნდა შევიკრათ ღვედი, როგორ გამოვიყენოთ აირწინაღი და ა.შ. ამ დროს, უმეტესობა არც კი ვუსმენთ, რადგან გვგონია, რომ ეს ყველაფერი ისედაც კარგად ვიცით, სინამდვილეში კი ასე არ არის. უსაფრთხოების წესების ცოდნა და მით უმეტეს მათი დაცვა ყოველთვის ყველაზე მთავარია.

სწორედ ამიტომ, British Airways-მა ვიდეო რგოლი გადაიღო, სადაც ცნობილი ბრიტანელი ვარსკვლავები უსაფრთხოების წესებს გვიხსნიან და მათ მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ვიდეოში შეხვდებით იან მაკკელენს, როუენ ატკინსონს, ჩივეტელ ეჯიოფორს, ჯილიან ანდერსენს, ტენდი ნიუტონსა და სხვებს.

ვიდეო უსაფრთხოების წესებს კომიკურად გვიყვება და შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა გვაპარებს.

British Airways პირდაპირ არ გვეუბნება, რა სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ვხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ვითომ კასტინგზე არიან დაბარებულები და ცდილობენ რეკლამაში სათამაშოდ ერთმანეთს შეეცილონ.

მოწვეულ ვარსკვლავებს რეჟისორი ეუბნება, რომ ამ ვიდეო რგოლში მონაწილეობა თითოეული მათგანის კარიერაში გარდამტეხი მომენტი იქნება.

რეჟისორი, რომლის როლსაც მსახიობი ასიმ ჩეუდრი ასრულებს ტენდი ნიუტინით მოიხიბლება და მის პაემანზე დაპატიჟებასაც გადაწყვეტს, თუმცა ეს უკანასკნელი უარს ეტყვის.

ჯილიან ანდერსენის შემთხვევაში კი ასიმი მას ნაკლებ სერიოზულობას სთხოვს და ეუბნება, რომ ეს სერიალი საიდუმლო მასალები არ არის, არც უცხოპლანეტელები არიან გარშემო, შესაბამისად ნაკლებად სერიოზული უნდა იყოს.

ვიდეოს ბოლოს კი გვეუბნებიან, რომ ფრენის დროს საკუთარ სავარძლებთან ე.წ. შესაწირის კონვერტებს ვიპოვით, რომელშიც ნებისმიერ მსურველს ადგილზევე შეუძლია ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება, ამისთვის კი მხოლოდ სასურველი თანხის ჩადებაა ამ კონვერტში, რომელიც საბოლოოდ ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.

აღნიშნული ვიდეო ბრიტანული ავიახაზების თვითმფრინავებში სექტემბრიდან ჩაეშვება.