წელიწადში ორჯერ, ნიუ-იორკში, გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა იმართება, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და ახალგაზრდებს, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან შეუძლიათ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუნქციებით, მექანიზმებით და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით.

წელს, ახალგაზრდული ასამბლეა 9-12 აგვისტოს იმართება. საქართველოს სახელით სტუდენტთა ხუთკაციანი ჯგუფი მიემგზავრება, რომელიც ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ Leaders of Tomorrow შეარჩია.

ორგანიზაციის დირექტორმა, გიორგი სინაურიძემ On.ge-თან საუბარში აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მოხვედრა ყველას არ შეუძლია და ეს საქართველოსთვის დიდი წარმატებაა:

"ეს არის ყველაზე დიდი ახალგაზრდული ასამბლეა მსოფლიოში. საქართველოდან შეირჩა 5 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც საშუალება მიეცემათ ჩვენი ქვეყანა ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინონ. ჩვენ წარვადგენთ პროექტს ასამბლეაზე, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების სამედიცინო დახმარებას და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ."

"მომავლის ლიდერები" სამი თვეა ჩამოყალიბდა და რამდენიმე საერთაშორისო პროექტს უკვე ახორციელებს. ორგანიზაციაში მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ, ისინი მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე მიიღებენ. შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები და საქართველოში დაბრუნდნენ მომავლის ლიდერად.