ნაციონალური მოძრაობაშ სოფელ ურაველში მაჟორიტარობის კანდიდატის, ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემაში ქართული ოცნების აქტივისტებსა და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებს. ამის შესახებ On.ge-ს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.

ბოტკოველის თქმით, ამ ინციდენტით ქართულმა ოცნებამ კამპანია და მათი კანდიდატების დაშინება დაიწყო.

"აქ მონაწილეობდნენ სულ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოვნიკები, მერის ყოფილი მოადგილე, რომელიც ახლა ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსია. მონაწილეობდნენ დასუფთავების სამსახურის უფროსი, მერის მძღოლი და ა.შ. ესენი არიან ქართული ოცნების აქტივისტები", - ამბობს ბოტკოველი.

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, მისი მამისა და შვილის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, 16 ივლისს, დაახლოებით, 17 საათზე, როცა კაპანაძე მამასთან და შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა პირები, ვისაც ცემაში ადანაშაულებს ერთ-ერთი მღვდლის დაბადების დღის აღნიშნავდნენ, მათთან ერთად კი ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ.

"არჩევნების ამბებს მიხსენებდნენ, ნაციონალებთან ერთად როგორ იყავიო. უცენზურო სიტყვებს ყვიროდნენ. ზაზას კარგად ვიცნობ, რადგან დაპირისპირება ადრეც მოგვსვლია. სხვები სახეზე ვიცი, სახელებით და გვარებით ვერ ვცნობ ყველას. მომვარდნენ და მანქანიდან გადმომიღეს. რაც მახსოვს სამჯერ დამარტყეს, მერე გონება დავკარგე," - უყვება ბეგლარ კაპანაძე სამხრეთის კარიბჭეს დასძენს, რომ მანამდე მისი გაჩერება სცადეს და არ გაჩერდა.

ახალციხის მერის ყოფილი მოადგილეზე, ზაზა მგელაძე, რომელსაც კაპანაძე ცემაში ადანაშაულებს, გამოცემასთან საუბრისას, ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.

"ალბათ, მე მიცნო და ჩემს სახელს იმიტომ ახსენებს. საერთოდ არაფერი ყოფილა. არ ვიცი ეს ადამიანი რაზე ლაპარაკობს. თუ რაიმე ბოღმა აქვს ჩემს მიმართ იმის გამო რომ ის ნაციონალია და მე ოცნებაში ვარ, არ ვიცი," - ამბობს მგელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 112-ის საშუალებით შევიდა.