DC-ის ოფიციალურმა გვერდმა Wonder Woman-ის კომიქსების 75 წლიანი ისტორია გამოაქვეყნა. ვიდეო შექმნილია 75 ფოტოსურათით, რომელშიც წარმოდგენილია ქალი საოცრების ცვლილება და განვითარება 75 წლის განმავლობაში.

Wonder Woman-ის დებიუტი 1941 წელს, DC-ის კომიქსში All Star comics-ის მერვე ნომერში შედგა. მისი შემქმნელი ფსიქოლოგი და მწერალი უილიამ მარსტონია, ხოლო მხატვარი ჰერი პიტერი. ბეტმენთან და სუპერმენთან ერთად Wonder Woman DC-ის სამეულის წევრია.

იმ პერიოდში ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ახალი მოვლენა იყო, ქალი საოცრება ინსპირირებული იყო, იმ დროისთვის ცნობილი ფემინისტებითა და თანასწორობისთვის მებრძოლი აქტივისტებით.

უილიამ მარსტონს უნდოდა, რომ Wonder Woman ლიდერის იდეალი ყოფილიყო, რომელიც შერწყმული იქნებოდა ქალურობასა და სიძლიერესთან, მაგრამ ახალი სუპერგმირი მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. მისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ჰუმანურობა და სიყვარული. სუპერგმირის ვიზუალი მარსტონის ცოლის, ელისაბედის, გარეგნობის მიხედვით დაიხატა. სწორედ ელისაბედი იყო ინიციატორი, რომ ახალი სუპერგმირი ქალი ყოფილიყო.

მოდით ერთად გადავხედოთ სუპერგმირის ცვლილებას:

Wonder Woman, ანუ დიანა, ამაზონის დედოფალმა ჰიპოლიტემ გამოძერწა თიხისგან, ოლიმპიელმა ღმერთმა – ზევსმა კი გააცოცხლა. დიანა იზრდებოდა თემისკირაზე, ანუ ამაზონების სამოთხის კუნძულზე, რომელიც ბარიერის მეშვეობით იყო დამალული და მიუგნებელი. ამ კუნძულზე მხოლოდ ამაზონები ცხოვრობდნენ.

ყველაფერი კი, მეორე მსოფლიო ომის დროს იწყება, როდესაც ჯაშუში სტივ ტრევორი კუნძულზე შემთხვევით აღმოჩნდება.

ქალი საოცრებას სატელევიზიო დებიუტი ჯერ კიდევ 1975 წლის 7 ნოემბერს შედგა. სერიალში Wonder Woman, მთავარი როლს პოპულარული მსახიობი ლინდა კარტერი ასრულებდა. სამი წლის განმავლობაში სულ 59 სერია გამოვიდა, 1979 წლის 11 სექტემბერს ეთერში სერიალის უკანასკნელი სერია გავიდა.

ქალი საოცრება ძალიან ბევრ ანიმაციურ ფილმებსა და სერიალებში შეგვხვდა: Super Friends, Justice League, Justice Actions და ბოლოს ანიმაციური ფილმში Wonder Woman, რომელიც ეკარანებზე 2009 წელს გამოვიდა.

Wonder Woman-ის კინო დებიუტი ფილმ Batman v Superman: Dawn of Justice-ში შედგა. ქალი საოცრება, ბეტმენთან და სუპერმენთან ერთად ცდილობდა სამყაროს გადარჩენას. 2017 წლის 15 მაისს, Wonder Woman საკუთარი პირველი ფილმით წარდგა აუდიტორიის წინაშე.

ფილმის რეჟისორი პატი ჯენკინსია, რომელიც ჰოლივუდში ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქალ რეჟისორად ითვლება. მთავარი როლის შემსრულებელი კი, გალ გადოტია.

გალ გადოტს მთავარი, როლისთვის $300 ათასი გადაუხადეს. გადაღებებზე მსახიობი ხუთი თვის ორსული იყო, ამიტომ კოსტიუმების დიზაინერმა, მუცლის დასამალად, სპეციალური სამოსი მოუფიქრა.

2017 წლის 16 ნოემბერს, Justice League-ის პრემიერა გაიმართება, რომელშიც Wonder Woman-ის პერსონაჟიც იქნება წარმოდგენილი.

Wonder Woman-ის მეორე სერიის პრემიერად 2019 წელი მოიაზრება, თუ ჭორებს დავუჯერებთ, ფილმში მოქმედება 1980-იან წლებში განვითარდება, ხოლო გალ გადოტის პერსონაჟი ცივი ომის პერიოდში იმოგზაურებს, სადაც ის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოლებს.