პარტია ევროპული საქართველო აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ, "ქართველთა მარშში" მონაწილეთა ბოლო დროინდელი ქმედებებისა და განცხადებების შესახებ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, როდესაც 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებენ და მის ადგილსამყოფელს ადგენენ, ეს დასჯადი უნდა იყოს:

"ყველგან, დასავლეთში, არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამტარებლები, ფაშისტები, შავრაზმელები, ეს სამარცხვინო ხალხი და მათაც აქვთ, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი. ისინი არიან ივანიშვილის მთავრობის, კალაძის და მთელი ამ გუნდის სატელიტები, მოკავშირეები და მათი და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ".

თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, გუშინ, 16 ივლისს, ფეისბუკზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა. დღეს, აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება. თავად პოსტების ავტორთა ნაწილი ამბობს, რომ მათ ეს არ დაუწერიათ. "ქართველთა მარშის" მონაწილეები გამოირჩევიან ქსენოფობიური, რასისტული, თუ ჰომოფობიური განწყობებით, მათ მიერ 14 ივლისს გამართული აქცია სწორედ ამგვარი განწყობების დემონსტრირება იყო.

განახლება: შსს-მ თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების მუქარაზე გამოძიება დაიწყო.