"ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით," - ასე ეხმაურება ორგანიზაცია ქალთა მოძრაობა თათია დოლიძის მიმართ სექსუალური შინაარსის მუქარას. ქალთა მოძრაობა მოითხოვს:

  1. მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები.
  2. მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე;
  4. მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.

ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ - რასაც, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი როგორც აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილის შემცველ განწყობებზე შესახებ:

"საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს - არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ."

თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, გუშინ, 16 ივლისს, ფეისბუკზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა. დღეს, აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება. თავად პოსტების ავტორთა ნაწილი ამბობს, რომ მათ ეს არ დაუწერიათ. "ქართველთა მარშის" მონაწილეები გამოირჩევიან ქსენოფობიური, რასისტული, თუ ჰომოფობიური განწყობებით, მათ მიერ 14 ივლისს გამართული აქცია სწორედ ამგვარი განწყობების დემონსტრირება იყო.

განახლება: შსს-მ თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების მუქარაზე გამოძიება დაიწყო.