საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბედი გაურკვეველია. უცნობია, რამდენი ადამიანი გააგრძელებს მუშაობას ახალი საეთერო სეზონიდან მაუწყებელში. დღეიდან, 17 ივლისიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ყველა გადაცემა იხურება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ გათავისუფლებას დაკავებული პოზიციიდან უკანონოდ ან უსამართლოდ მიიჩნევენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მზადაა სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ მაუწყებლისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა რამდენი ადამიანი გათავისუფლდა ან გათავისუფლდება რეფორმის ფარგლებში. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის მაუწყებლიდან მიწერილ წერილში ეწერა, რომ 10 ივლისის მონაცემებით, ხელშეკრულება შეუწყდა 54 ადამიანს და გაუგრძელდა 58 ადამიანს, მათ შორის 22 ადამიანი გადავიდა პროექტში თვითმმართველობის არჩევნები 2017, რომელიც 2017 წლის პირველ ნოემბრამდე გრძელდება. ასევე წერილში აღნიშნულია, რომ "საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის", ხოლო "განმარტების გაკეთება იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი საკადრო საკითხთან დაკავშრებით, არ წარმოადგენეს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას."

"საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმების გაუმჭვირვალობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო კონკურსების მატების ტენდენცია შეინიშნებოდა, ახალი მენეჯმენტის პირობებში საკადრო გადაწყვეტილებები კვლავ გაუმჭვირვალედ მიიღება", - აღნიშნავენ საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს გაასაჯაროვოს ინფორმაცია:

  • რამდენ თანამშრომელს ემუქრება შემცირება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების ფარგლებში;
  • რა პრინციპით გაათავისუფლებენ თანამშრომლებს;
  • რამდენ თანამშრომელს გაუგრძელდება ხელშეკრულება და როდემდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში აღნიშნავენ, რომ დროულად უნდა დამტკიცდეს მაუწყებლის საშტატო განრიგი და დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ თავიანთი მომავლის შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციაში არსებულმა დაძაბულმა გარემომ არ მოახდინოს გავლენა მათ შრომის ნაყოფიერებასა და არხზე მომუშავე გუნდების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 ივლისიდან მოამბის გარდა, ყველა გადაცემა დაიხურა. როგორც მაყუწყებლის სტარტეგიულ დოკუმენტში წერია, ეთერში 2017 წლის სექტემბრიდან დაბრუნდება პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები. დახურულ გადაცემებს შორის მოხვდა რადიო თავისუფლების პროგრამები - ინტერVIEW და წითელი ზონა.