საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის, ცოლი, ლეილა მუსტაფაევა, რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ ადვოკატთან ერთად პოლიციას იმ სამი პირის ვინაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, ვინც მისი აზრით, აფგან მუხტარლის გატაცებამდე უთვალთვალებდა.

აღნიშნულ მასალებთან დაკავშირებით, ლეილა მუსტაფაევა პოლიციაში გამოსაკითხად დღეს იმყოფებოდა:

"სამწუხაროდ, პოლიციის საქმეს ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ვიძიებთ საქმეს და ჩვენ ვაწვდით მათ მასალებს, რადგან ისინი ამბობენ, რომ ჩანაწერები არ აქვთ. ეს სისულელე მგონია, რადგან აფგანი ამბობს, რომ თავდამსხმელებს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. 10 დღეში ამ სამსახურის ხელმძღვანელი, ამირანაშვილი მოხსნეს თანამდებობიდან და შემდეგ თქვეს, რომ კამერები არ მუშაობდა. ეს სამი ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს, თუ მათ მართლა სურთ გამოძების წარმართვა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ოცნების მთავრობას ამისი სურვილი არ აქვს".

9 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, განაცხადა, რომ მისმა უწყებამ ამოიღო ყველა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც მუხტარლის ადვოკატმა მიუთითა, თუმცა მათზე გატაცების სცენები არ იყო აღბეჭდილი.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.