სოფელ ავლევში რუსი სამხედროების მიერ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებაზე მომავალ კვირას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში 14 ივნისს იმსჯელებენ. ინფორმაცია ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა გაავრცელა და განმარტა, რომ ავლევში მომხდარი ფაქტი მორიგი პროვოკაციაა:

"ეს არის არალეგალური, აბსოლუტურად არაკანონიერი და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ჟენევაში ისევე, როგორც ყველა ფორმატში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს მახინჯი კონსტრუქციებია, მავთუხლართები, ბანერები და მათი დემონტაჟი. ცხადია, მომდევნო შეხვედრაზე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე IPRM, რომელიც 28 ივნისს არის დაგეგმილი, თუ ამის საჭიროება იქნება, ეს საკითხი იქნება თემა".

ასევე პროვოკაციულ ქმედებად აფასებს ავლევში მომხდარ საგარეო მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანიც და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებული სიმწვავით დააყენებენ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, ისე IPRM-ზეც.

ქარელის რაიონში, სოფელ ავლევის ტერიტორიაზე, იქ სადაც მოსახლეობა ხორბალს თესავს და სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევა, რუსმა სამხედროებმა საზღვრის აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერი დაამონტაჟეს.