საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საქმე განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 150,72 გრამამადე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის სასჯელი არაკონსტიტუციურია. სასამართლომ გადაწყვეტილება 14 ივლისს მიიღო.

სასამართლომ ამავე საქმის ფარგლებში იმსჯელა კონსტიტუციური იყო თუ არა, უფრო მეტი მოცულობის, 265,49 გრამი კანაფის დათესვა და მოყვანა. ამ ნაწილში სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ოდენობის კანაფის მოყვანისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია და ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას. თუმცა, დასძინა, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა - თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე არის აშკარად არაპროპორციული სასჯელი.

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს მოქალაქეებმა ჯამბულ გვიანიძემ, დავით ხომერიკმა და ლაშა გაგიშვილმა მიმართეს. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომლებიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 63,73 გრამი , 150,72 გრამი და 265,49 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ სადავო ნორმები ერთმანეთისგან არ მიჯნავდა სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლეოდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.