18 ივლისს, ვაშინგტონში, რობოტიკის საერთაშორისო კონკურსი "First Global" გაიმართება. კონკურსი ოლიმპიური სისტემითაა ორგანიზებული და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის გუნდი მიიღებს, რომელთა წევრებიც 15-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები არიან.

კონკურსი აქამდეც ტარდებოდა, თუმცა 2017 წლიდან საერთაშორისო ხასიათი მიიღო. First Global-ის განახლებულ ფორმატში მონაწილეობის უფლება ქართველი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმაც მიიღო. კონკურსზე ისინი მათ მიერ შექმნილ რობოტს წარადგენენ და გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

First Global-ის მიზანია, გაზარდოს მოსწავლეების ინტერესი მეცნიერების, ფიზიკის, მათემატიკისა და ინჟინერიის მიმართ. ამით კი- ხელი შეეწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც მომავალში შეძლებენ მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრას, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, ტექნოლოგიური განვითარება და ინფორმაციული უსაფრთხოება.

წლევანდელი კონკურსის თემას წყლის რესურსების დაცვა და დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემაა. შესაბამისად, გუნდების ამოცანაა შექმნან რობოტი, რომელიც მოდელირებულ სიტუაციაში ყველაზე კარგად შეძლებს ბინძური წყლის გასუფთავებას. კონკურსი რამდენიმე დავალებას მოიცავს, რომელიც რობოტმა უნდა შეასრულოს.

როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, ყვითელი ბურთები დაბინძურებას წარმოადგენს, ხოლო ლურჯები - სუფთა წყალს. გუნდის ამოცანაა შექმნას რობოტი, რომელიც მაქსიმალური ეფექტურობით ამოცლის ყვითელი ბურთებს. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე გუნდები ალიანსებს შექმნიან და შეჯიბრში ისე ჩაერთვებიან. შესაბამისად, სამი ქვეყნის ნაკრებისგან შემდგარი გუნდი შეჯიბრზე ერთ გუნდად წარდგება. ამ ინიციატივის მიზანი გუნდური მუშაობის პრინციპისა და კოლაბორაციის განვითარება, გუნდებს შორის ცოდნის გაზიარება და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, წელს First Global-ზე, ქართველ მოსწავლეთა გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას. გუნდის მენტორი და ხელმძღვანელი ილია მესტვირიშვილია.

ვინ არიან გუნდის წევრები?

საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამ სფეროში წარმატებული ადამიანების შესახებ, საკმარისზე მეტი სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებების შემოქმედნი ძირითადად ახალგაზრდები - სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეები არიან.

მაგალითისთვის, გავიხსენოთ სენაკის სკოლის ხუთი მერვეკლასელი მოსწავლე, რომლებიც საკუთარი პროექტის წყალობით NASA-ში გაემგზავრნენ.

ეს არ არის ქართველი მოსწავლეების ერთადერთი წარმატება, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. First Global-ის კონკურსში მონაწილეობა კვლავ სკოლის მოსწავლეებს უკავშირდებათ. ამჯერად, მორიგი წარმატების ავტორები ამერიკული აკადემიის (გივი ზალდასტანაშვილის სახელობის სკოლის), ვეკუასა და კომაროვის სკოლების მოსწავლეები არიან.

თავდაპირველად, პროექტში მონაწილეების შერჩევა წარსულში მიღებული გამოცდილებით ხდებოდა. უპირატესობა ენიჭებოდათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც რობოტიკის ადგილობრივ კონკურსებში იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამ პრინციპით, პირველ ეტაპზე, ჩამოყალიბდა ოცკაციანი ჯგუფი, რომლებიც ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. მათ უნდა შეექმნათ რობოტი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა თავისი თვისებებითა და შესაძლებლობებით.

ცხადია, რომ მიზანი საკმაოდ რთულად მისაღწევი იყო, თუმცა მოსწავლეები ამ გამოწვევას არ შეუშინდნენ. მათმა მონდომებამ და საკითხისადმი დაინტერესებამ, შესაბამისი შედეგი გამოიღო. მართალია, დროთა განმავლობაში გუნდის წევრთა რაოდენობა შემცირდა და საბოლოოდ შვიდი მოსწავლე დარჩა, თუმცა ამას მუშაობაში ხელი არ შეუშლია.

რობოტის შექმნის პროცესს მოსწავლეები ძალიან საინტერესოდ აფასებენ. მათ სურდათ, რომ მათი ნამუშევარი განსაკუთრებული ყოფილიყო, ამიტომ რობოტის გაუმჯობესებაზე ფიქრი არ შეუწყვეტიათ. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ შექმნის პროცესში, რობოტის მახასიათებლები და დიზაინი არაერთხელ შეიცვალა.

რობოტის პირველი სახე, დღევანდელთან შედარებით, სუსტი და ნაკლებად განვითარებული იყო, თუმცა ისინი ამ ნამუშევრითაც ამაყობენ, რადგან სწორედ პირველმა ვარიანტმა მისცა დასაბამი მორიგი, ბევრად უფრო ძლიერი რობოტის ჩამოყალიბებას. რობოტის პირველი სახე მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს წარადგინეს.

მას შემდეგ რაც გაირკვა რომ, მოსწავლეები First Global-ის კონკურსზე შეძლებდნენ მონაწილეობის მიღებას, ძველი რობოტი პრაქტიკულად სრულად დაშალეს და სპეციალურად პროექტისთვის, ახალ რობოტზე მუშაობას შეუდგნენ. ჯამში, მოსწავლეებმა ორი თვე იმუშავეს და საბოლოოდ, დიზაინერულად დახვეწილი და ტექნიკურად ძლიერი რობოტი შექმნეს. ახალი რობოტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიცაა, რომ მოსწავლეებმა რობოტი თავიდან ბოლომდე საკუთარი ძალებით, პროფესიონალების დახმარების გარეშე შექმნეს.

ფოტო: აკა ზარქუა / On.ge

ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა მენტორმა ილია მესტვირიშვილმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გუნდის მუშაობას და მოსწავლეებს ამხნევებდა.

გუნდის წევრების თქმით, მსგავსი მასშტაბის კონკურსზე მონაწილეობა მანამდე არასდროს მიუღიათ და მათთვის ეს შესაძლებლობა მოულოდნელი და ძალზედ სასიხარულო იყო. ქართველი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლლობა, გაიცნონ თავიანთი თანატოლი უცხოელი გამომგონებლები და მათთან ერთად იმუშაონ ახალ იდეებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისინი თანატოლებს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას და მათგანაც ახალ, საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

როგორც ახალგაზრდა გამომგონებლები ამბობენ, მათი გუნდის ერთიანობა ამ პროექტით არ ამოიწურება. ისინი ერთ გუნდად დარჩენას და ხანგრძლივ თანამშრომლობას აპირებენ. ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად სწორედ გუნდურობასა და მეგობრობას მიიჩნევენ.

„რაც მთავარია ჩვენ შევძელით ერთ გუნდად შეკვრა, ვისწავლეთ გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია. ასევე, პროექტი მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ცოდნის გაღრმავების კუთხითაც. რობოტზე მუშაობისას ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა უფრო ახლოს და ღრმად გაგვეცნო რობოტიკა, მექანიკა და პროგრამირება. პროექტის მსვლელობისას თითოეული ჩვენგანის ინტერესი მეცნიერებისა და კონკრეტულად რობოტიკას მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა“, ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი ლევან ჭიკაიძე.

საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა გამომგონებლები საკუთარი შედეგით კმაყოფილნი არიან და კონკურსში საკუთარი რობოტის წარმატების იმედი აქვთ.

გუნდი აშშ-ში 14 ივლისს მიემგზავრება. პირველი ორი დღე გაცნობითი ხასიათისაა - ამ ორი დღის განმავლობაში გუნდებს საშუალება მიეცემათ ადგილზე გაეცნონ კონკურსის წესებს და სათამაშო მოედანს. ამავე დროს გაირკვევა საქართველოს ნაკრების ალიანსის წევრი გუნდების ვინაობაც.

უშუალოდ შეჯიბრი 17 და 18 ივლის შედგება. ეს ეტაპი 6-თამაშიან ტურნირს მოიცავს. თითო თამაში 2,5 წუთს გაგრძელდება. კონკურსის გამარჯვებულებს და პრიზიორებს ჟიური გამოავლენს. გუნდის მენტორის განცხადებით, უპირატესი მნიშვნელობა ექნება არა რობოტის უშუალო მახასიათებლებს არამედ გუნდური მუშაობის და გადაწყვეტილების სხარტად და ეფექტურად მიღების უნარს.

საქართველოს ნაკრების შესაძლო წარმატება მომავალ კონკურსზე ძალინ მნიშვნელოვანი იქნება ქართველ მოსწავლეებში მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და სფეროს პოპულარიზაციისთვის.

პროექტს ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) და თიბისი ბანკმა გაუწიეს.

წარმატებები ვუსურვოთ ქართველ მოსწავლეებს.