დადასტურებული ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლულია. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ Reuters განუცხადა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ISIS-ის ლიდერის სიკვდილზე ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა Reuters წერს, რომ სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით ობსერვატორია სანდო წყაროდ მიიჩნევა.

ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ვებგვერდები და სოციალური მედია ალ-ბაღდადის შესაძლო სიკვდილთან დაკავშირებით სიახლეებს არ ავრცელებენ. ლიდერის სიკვდილს არ ადასტურებენ არც ერაყელი და ქურთი ოფიციალური პირები.

16 ივნისს, რუსული სახელმწიფო მედია RIA, სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, იმ 330 მებრძოლს შორის იყო, რომელიც 28 მაისს რუსეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს შეეწირა.

ბაღდადი საჯაროდ პირველად 2014 წლის ივნისში გამოჩნდა, როდესაც მოსულში "ისლამური ხალიფატის" შექმნაზე განაცხადა. მას შემდეგ, ჯგუფმა საკმაოდ დიდი ტერიტორია დაკარგა და მუდმივად საჰაერო დარტყმების ქვეშაა. მარტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ბაღდადის თითქმის ყველა მოადგილე მოკლულია.