მერლინ მონროდან დაწყებული მერილ სტრიპით დამთავრებული, ჰოლივუდს საკუთარი საკულტო მსახიობი ქალები ჰყავს. ინდუსტრია გასცემს ჯილდოებსა და წამახალისებელ თაყვანისცემას, მაგრამ როდესაც საქმე ხელფასზე მიდგება, გაღმერთებული ქალი მსახიობებიც აღმოჩნდებიან ხოლმე "უბრალოდ ქალები".

გენდერულად განსხვავებული ხელფასები ყველა ინდუსტრიაში არსებობს, უბრალოდ ვარსკვლავებმა, რომელთაც მეტი ასპარეზი აქვთ ამ საკითხის წამოსაწევად, ხმამაღლა დაიწყეს უთანასწორობაზე საუბარი.

მაგალითად ოსკარის მფლობელმა მსახიობმა ემა სტოუნმა სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ანაზღაურების გასათანაბრებლად მისმა კოლეგა მსახიობმა კაცებმა საკუთარი ჰონორარი გაუნაწილეს.

"ჩემი კოლეგები ამას საკუთარი ნებით აკეთებდნენ რადგან ხვდებოდნენ, რომ მათი საქციელი სწორი და სამართლიანი იქნებოდა. ამაზე უკვე ყველა თანხმდება, უსამართლოა როდესაც ქალს იმაზე ნაკლებს უხდიან ვიდრე კაც მსახიობს, მაგრამ არაუშავს, უკვე ყველა ამბობს რომ თანაბარი ანაზღაურება - აი, რა არის სამართლიანი", ამბობს ემა სტოუნი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალმა მსახიობებმა ჰოლივუდს სექსიზმში დასდეს ბრალი. სია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მრავლისმომცველი ხდება. როგორც ჩანს, ჰოლივუდმა თამაშის წესებს უნდა გადახედოს, რადგან ქალი მსახიობები ასე გაგრძელებას აღარ აპირებენ.

მაგალითად პატრისია არკეტი, რომელმაც ამ თემაზე ოსკარით ხელში პირდაპირ დოლბის თეატრის სცენიდან ისაუბრა.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ხელფასების თანასწორობის დროა", - თქვა მან, აუდიტორიაში კი მის სიტყვებს მერილ სტრიპი და ჯენიფერ ლოპესი ტაშით შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ყველა წამყვანი მსახიობი ქალი ამ თემაზე მუდმივად საუბრობს, იქნება ეს მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯულია რობერტსი, ქეით ბლანშეტი თუ სხვა.

ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია:

სექსიზმი და გენდერული უთანასწორობა - პრობლემა, რომელიც ჰოლივუდშიც კი არსებობს