დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით საქართველოში დააკავეს და წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდეს, საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა. სამინისტრო განმარტავს, რომ თურქეთის ციხეებში შეინიშნება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება. სამინისტროსვე განცხადებით, თურქეთის ციხეში გადაყვანის შემთხვევაში, ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა არ ემუქრება.

ჩაბუკის ადვოკატმა, სოსობარათაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილების დასაბუთებაში ძირითად მიზეზად აღნიშნულია, რომ პატიმრები თურქეთში კმაყოფილები არიან შექმნილი ვითარებით და არ ასაჩივრებენ მათ მდგომარეობას:

"მათ დასაბუთებაში ნათქვამია ისიც, რომ თითქოს გაეროს წარმომადგენელმა შეამოწმა ეს ყველაფერი 2016 წელს და შენიშვნები არ გამოუთქვამს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ წარვუდგინეთ მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები ლტოლვილთა სამინისტროს, მათ შორის თავად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიცია მრავალ გვერდზე, ასევე საერთაშორისო ამნისტიის, Human Rights Watch-ის ანგარიში, სტოკჰოლმის ანგარიში, ასევე წარვუდგინეთ უშუალოდ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თაობაზე და იმ საშიშროებაზე, რაც ემუქრება. ეს არის ერთი პოზიცია, რომელსაც კატეგორიულად არ ევთანხმებით. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ისინი არ არკვევენ, არის თუ არა ჩაბუქი დამნაშავე".

რაც შეეხება ცოლის, თუბა ჩაბუქის მიმართ მუქარებს, ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის ასეთი ფაქტები, ვერ დგინდება იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ემუქრებიან და ვერც ის, აქვთ თუ არა ამ მუქარის განხორციელების შესაძლებლობა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი აცხადებს, რომ მომდევნო ერთ თვეში ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში.

"ვფიქრობ, ამგვარი არგუმენტები არათუ არასწორი და დაუსაბუთებელია, არამედ ძალზედ ცინიკურია, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ავტორიტეტს".

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ხელისუფლებას ჩაბუქის გათავისუფლებისკენ და თურქეთისთვის არგადაცემისკენ მოუწოდა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ.