თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა, 24 აგვისტოს 13 საათზე გაიმართება.

წარდგენილი ბრალის თანახმად, დაკავებულებმა სამი მოზარდი, მოტყუებით აიყვანეს საცხოვრებელ ბინაში და მათ მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. მათ ბრალად ედებათ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, (რომელიც არ შეიცავს გაუპატიურებას) ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

"ბრალდებულებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, აქვთ კავშირები საზღვარგარეთ და მაღალია მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულთა ასაკის გათვალისწინებით, არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო მიზნების აღსრულებისთვის საზიანო ზემოქმედების საფრთხე", - წერია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.