მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღითიდღე უფრო რთული ხდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, გონორეას მკურნალობა, ზოგ შემთხვევაში სრულად განკურნებაც კი შეუძლებელია. აღნიშნული პრობლემის მიზეზი ისაა, რომ გონორეას გამომწვევი ბაქტერია ძალიან სწრაფად იძენს რეზისტენტობას ანტიბიოტიკების მიმართ. რეზისტენტობა ნიშნავს გამძლეობას, წინააღმდეგობას სამკურნალო საშუალების მიმართ, რა დროსაც აღნიშნული მედიკამენტი დაავადების დასამარცხებლად უძლურია. ინფორმაციას პრობლემის შესახებ CNN ავრცელებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 77 ქვეყნიდან მიღებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ გონორეა რეზისტენტულობას ძველი თაობის, ან იაფი ანტიბიოტიკების მიმართ განსაკუთრებით სწრაფად იძენს და აღნიშნული დიდ პრობლემას წარმოადგენს არაერთი ქვეყნისთვის. თუმცა, გონორეას ბაქტერია ასევე სწრაფად უწევს წინააღმდეგობას ახალი თაობის ანტიბიოტიკებსაც.

მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გონორეას გამომწვევი ბაქტერია იმ 11 ყველაზე საშიშ ბაქტერიას შორის დაასახელა, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობას და დაუყონებლივ საჭიროა ახალი ანტიბიოტიკების შექმნა. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყოველი ახალი ანტიბიოტიკის შექმნა ფარმაცევტულ კომპანიებს იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ მის წარმოებაში ეკონომიკურ ინტერესს ვერ ხედავენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გონორეით ყოველწლიურად მსოლფიოში 78 მილიონი ადამიანი ინფიცირდება.

რა არის გონორეა?

გონორეა ბაქტერიით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. კაცების შემთხვევაში, ინფიცირებისას აღინიშნება გამონადენი პენისიდან და წვის შეგრძნება მოშარდვისას, რაც შეეხება ქალებს, მათ შემთხვევაში, ინფექცია, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შემთხვევათა ნაწილში აღინიშნება გამონადენი საშოდან და ტკივილი მენჯის არეში. თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, აღნიშნულ ინფექციას შეუძლია მძიმე გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის, დააზიანოს გული და სახსრები. ინფექციის საინკუბაციო პერიოდს 2-დან 30-მდე დღე წარმოადგენს თუმცა, სიმპტომები დაახლოებით მე-4-მე-6 დღეებში ჩნდება.

სქესობრივი გზით გადამდები ნებისმიერი ინფექციისგან თავის დაცვის საშუალება უსაფრთხო სექსია, რასაც უზრუნველყოფს პრეზერვატივის გამოყენება.