ლტოლვილთა სამინისტრომ დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა.

ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არა არსებობდა უარის თქმის და ისინი ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ხელისუფლებას ჩაბუქის გათავისუფლებისკენ და თურქეთისთვის არგადაცემისკენ მოუწოდა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

ბრალდების თანახმად, მუსტაფა ემრე თითქოს ეხმარებოდა ერთ-ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია მოხსენიებულია, როგორც "ფეთულა გიულენის მიმდევრები".

კერძოდ, ადვოკატის თქმით, ბრალდების მასალებში აღნიშნულია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ბრალად ედება, თითქოს, ის ეხმარებოდა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ პარტნიორს, რათა 2017 წელს გაესხვისებინა წილი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე.