ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თანამდებობა დღეს, 6 ივლისს, დატოვა და 2012 წლიდან დღემდე, საკუთარი საქმიანობა ასე შეაჯამა: "ეს იყო ნამდვილი ენერგეტიკული რევოლუცია".

კალაძის თქმით, 2013 წლიდან დღემდე, ჯამში, 21 ახალი გენერაციის წყარო შექმნეს, მათ შორის, 18 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური: "ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 782 მგვტ, ხოლო საინვესტიციო ღირებულება - 1 186 000 000".

მისივე განცხადებით, კიდევ 13 ჰესი მიმდინარე მშენებლობის ეტაპზეა, რომელთა დადგმული სიმძლავრე 326 მეგავატი, საინვესტიციო ღირებულება კი 983 მილიონია.

კალაძემ ასევე ისაუბრა ქარის პირველ ელექტროსადგურზე, რომელიც არის 20 მგვტ სიმძლავრის: "ამ პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 34 მილიონი აშშ დოლარი. ჩვენ ვაპირებდით ამ პროექტის გასხვისებას და აქციები, რომელიც გაიყიდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა ეს აქციები შეიძინონ".

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურული 10-წლიანი გეგმა გულისხმობს შიდა ქსელის მოწესრიგებასა და მისი განხორციელებისთვის, მომავალი წლების განმავლობაში, დაახლოებით, 500 მილიონი დაიხარჯება.

კალაძე ასევე შეეხო პროექტს სინათლე ყველა სოფელს. მან აღნიშნა, რომ თავისი მინისტრობის პერიოდში, უშუქო სოფლების 30 პროექტი განხორციელდა. კალაძემ მადლობა გადაუხადა USAID-ს, ოთხი სოფლის ელექტროფიცირებისთვის:

"იყო 30 სოფელი, რომლსაც ბოლო 20-25 წელი არ ჰქონდა ელექტროენერგია და დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება".

კალაძემ ახსენა გამრიცხველიანების საკითხიც, რომლის ფარგლებშიც, მისი თქმით, დაახლოებით 229 ათასზე მეტ აბონენტს დაუმონტაჟეს ინდივიდუალური მრიცხველები:

"2013 წლიდან დღემდე, დაახლოებით, 200 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხერხდა. ეს პროექტი გრძელდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ, რომ საქართველოში არ დაგვრჩება არცერთი ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე", - განაცხადა კალაძემ და თქვა, რომ 2014-2015 წლებში დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის გაზიფიცირება: "ოკუპირებულ ტერიტორიებთან დღეს დაახლოებით 14 ათასი ოჯახი სარგებლობს ბუნებრივი აირით და ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო სახელმწიფომ".

2017 წლის შემოდგომაზე კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების სახელით იყრის კენჭს.