ჯონათან გროფმა, Entertainment Weekly-სთან ინტერვიუს დროს, ბევრისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც მსახიობი ამბობს, დისნეისგან მიიღო შეტყობინება, რომ რამდენიმე კვირაში ხმის ჩამწერ სტუდიაში Frozen-ის მეორე ნაწილზე მუშაობა დაიწყებოდა.

ჯონათანი ანიმაციურ ფილმში კრისტოფის პერსონაჟს ახმოვანებს.

"ძალიან მიხარია, რომ კვლავ ამ საქმეში ვიქნები და ერთ ოთახში მომიწევს შესანიშნავ გუნდთან თანამშრომლობა. მართლა ძალიან მიყვარს ისინი", ამბობს კრისტოფი.

როგორც ანიმაციური ფილმის პროდიუსერი ჯენიფერ ლი ამბობს, ეს იქნება სრულყოფილი ფილმი, რომელიც ერთნაირად დაიპყრობს როგორც პატარების, ისე ზრდასრული მაყურებლის გულს.

Frozen 2-ზე დისნეის შემოქმედებითი გუნდი სერიოზულად მუშაობს, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ისეთივე კარგი და წარმატებული იქნება როგორიც პირველი ნაწილი.

"როდესაც უკვე გაქვს ერთი წარმატებული ფილმი და გიჩნდება სურვილი გქონდეს მეორეც. დიდხანს ფიქრობ თუ რა უნდა უთხრას ახალი ამ ფილმმა მაყურებელს, რა იქნებოდა მნიშვნელოვანი, რა იქნებოდა უფრო მიმზიდველი და ვფიქრობ ვიპოვნე კიდეც", ამბობს ლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, დისნეიმ Frozen-ის მოკლემეტრაჟიანი, 23-წუთიანი ანიმაციის ტრეილერი გამოუშვა და გვაცნობა, რომ 22 ნოემბერს ყველაზე საყვარელი თოვლის კაცის, ოლაფის ისტორიას ვიხილავთ.

რაც შეეხება სრულმეტრაჟიან ანიმაციას, პრემიერა 2019 წლის 27 ნოემბერს იგეგმება.