საქართველოს პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის ეკიპაჟს ღირსების ორდენებით დააჯილდოებს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინეს.

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტისაგან სახელმწიფო ჯილდო ვერტმფრენის ეკიპაჟს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემა:

"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების გმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ურთულეს მეტეო პირობებში, წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს.

მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისათვის".

დღესვე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაშველები პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგინა.

გუშინ, 5 ივლისს, სოფელ ხუბუმეში მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი პატარა ზომის კუნძულზე ჩარჩა. მოქალაქეები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ. სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბანიას ხელმძღვანელობით, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.