ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტი 2017 წლის იანვარ–ივლისში 51%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს, ხოლო სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 85%-ით გაზრდილია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

ქართული ღვინო მსოფლიოს 44 ქვეყანაშია გატანილი, ხოლო სხვა ალკოჰოლური სასმელები - მსოფლიოს 17 ქვეყანაში. ქართული ჭაჭის ექსპორტირებამ გასული წლის მონაცემებთან შედარებით 110%-ს მიაღწია.

"მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს . ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა" – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი გაზრდილია ჩინეთში, ბელარუსიაში, გერმანიაში, ისრაელში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში და ლატვიაში.