შპს თბილისის მიკროავტობუსში ამბობენ, რომ თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში პირველი ივლისიდან კონდიციონერი ჩართული უნდა იყოს. კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია მიქიაშვილის თქმით, კონდიციონერის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა მძღოლებისთვის ყოველდღიურად დაწესებულ გადასახადს აკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზაფხულში დამატებითი ხარჯის გაწევა არ უწევთ.

კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია ფარავს კონდიციონერების შეკეთების ხარჯებსაც, რაც ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ათასი ლარია.

"ყველა ხარჯებს იხდის კომპანია, მიუხედავად, რომ არ აქვს ამის ვალდებულება ხელშეკრულებით. ავტომობილის შეკეთებაზე პასუხისმგებელია მძღოლი, მაგრამ კომპანია ითვალისწინებს მათ და მგზავრების კომფორტის საკითხს," - ამბობს მიქიაშვილი.

მისი თქმით, ყოველდღიურად, ყველა მიკროავტობუსი, რომელიც ხაზზე სამუშაოდ გადის კონდიციონერი უმუშავებს. მძღოლები კი, ვინც კონდიციონერს არ ამუშავებენ, დამატებითი შემოსავლის მიღებას ცდილობენ.

ბოლო დღეებში თბილისში ჰაერის ტემპერატურამ თითქმის 40 გრადუსს მიაღწია, თუმცა, დედაქალაქში მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსების ნაწილში მძღოლები კონდიციონერს არ რთავენ. არის შემთხვევები, როცა ისინი კონდიციონერის ნაცვლად უბრალოდ ვენტილაციას ამუშავებენ, რის გამოც მიკროავტობუსში, ცივი ჰაერის ნაცვლად, ქუჩის ცხელი ჰაერი უბერავს.

On.ge-მ ასევე მოისმინა მოქალაქეთა პრეტენზიები, რომ მიკროავტობუსის კომპანიის ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 2 200 340, მათ ზარებს არ პასუხობენ. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ფაქტი. 15 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ვცადეთ ცხელ ხაზზე დარეკვა, თუმცა, ხუთწუთიანი ლოდინის შემდეგ ზარი გაითიშა.