საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს, 4 ივნისს მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების პრეზენტაცია გამართა. არხის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ახალი არხის შექმნას უტოლდება.

ოთხწლიანი გეგმის მიხედვით, 2020 წელს არხს ექნება ახალი ნიუსრუმი, სასერვერო, საეთეროები და სააპარატოები, განახლებული კამერები, განათლების სისტემები, რამდენიმე სტუდია, არქივი, რეგიონული ბიუროები და განახლებული რადიო.

ახალი შენობის აშენებამდე რემონტდება მაუწყებელი არსებული შენობის მესამე სართული. შენობის გარემონტებულ ნაწილში საინფორმაციო სამსახური გადავა. როგორც მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ თქვა, ხარჯი დაახლოებით 100 ათასი ლარია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაიარაღების გეგმა

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 15-18 მილიონი დოლარის ოდენობით ვალის აღება იქნება საჭირო.

რამდენიმე დღის წინ On.ge-მ მაუწყებლის ნიუსრუმის გარემონტებაზე მასალა მოამზადა. რამდენიმე თვის წინ, 2017 წლის 6 თებერვალს ვასილ მაღლაფერიძე ამბობდა, რომ მაუწყებლის შენობაში, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სარემონტო სამუშაოების გაკეთება არ შეიძლებოდა, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ სამუშაოები მაინც დაიწყო.