საფრანგეთში 23 წლის კაცი დააკავეს, რომელიც 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, ქვეყნის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოკვლას აპირებდა. დაკავებული პირი, სავარაუდოდ, გეგმავდა უმცირესობის წარმომადგენლებზეც თავდასხმას.

Deutsche Welle -ს ინფორმაციით, 23 წლის დაკავებული ნასამართლევია ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებისთვის, თავდასხმის მცდელობამდე ერთი კვირით ადრე დააკავეს და წინასწარი პატიმრობის საპყრობილეში მოათავსეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, პარიზში დაგეგმილია სამხედრო აღლუმი, რომელსაც დაესწრება ქვეყნის პრეზიდენტი, ხოლო სტუმრის სტატუსით - ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ამავე დღეს ნიცის ტერაქტის 1 წლისთავია. 2016 წლის 14 ივლისს, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 86 ადამიანი. ქუჩაში საზეიმოდ გამოსული საზოგადოება ბასტილიის დღეს აღნიშნავდა, როდესაც სატვირთო მანქანა ხალხის ჯგუფში შევარდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. მანქანამ ხალხში ორი კილომეტრი გაიარა, სანამ პოლიციამ მისი მძღოლი არ მოკლა.

BBC-ის ინფორმაციით, ნიცის ტერაქტში თანამონაწილეობისთვის საფრანგეთში ხუთ ეჭვმიტანილს წაუყენეს ბრალი. ტერაქტის ავტორი 31 წლის ფრანგი კაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზე მოკლა. ISIS-ის კონტროლირებულმა მედიამ, Amaq Agency-მ, განაცხადა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს "მებრძოლი" დაიღუპა ნიცაში.